ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის "მოკავშირეობის შესახებ" შეთანხმება არის საქართველოს ტერიტორიის ისტორიული, განუყოფელი ნაწილის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პირდაპირი ანექსია რუსეთის სახელმწიფოს მიერ. რაც, ასევე დააკანონებს საქართველოს საზღვრებთან რუსეთის საოკუპაციო ჯარის განლაგებას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ, რუსეთისგან გასაკვირი არაფერია. მიუხედავად მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების პროტესტისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ადექვატური ზომები, ვინაიდან შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა. ახალი გზის მშენებლობა საქართველოს საზღვართან, რომელიც რუსეთისთვის უნდა გახდეს როკის გვირაბის შემცვლელი აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, მიუთითებს რუსეთის კიდევ უფრო ფართო გეგმებზე საქართველოს მთლიან ანექსიასთან მიმართებაში.
რამოდენიმე თვის წინ, საქართველოს ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმას. ღიმილისმომგვრელი იყო მთავრობის მეთაურის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თითქოს მას ჰქონდა ინფორმაცია, რუსეთის მხრიდან მავთულხლართების გაბმა უკავშირდებოდა ოლიმპიადის ჩატარებას და მავთულხლართებს რუსეთი აიღებდა როგორც კი დამთავრდებოდა ოლიმპიადა. ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ, მავთულხლართების აღების ნაცვლად რუსეთმა განახორციელა უფრო ფართომასშტაბიანი ანექსია სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რაც საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უნდა გახდეს სამართლებრივი ბრძოლის დაწყების უპირობო წინაპირობა რუსეთთან მიმართებაში.